რატომ უპირისპირდება საჯაროდ ლიონელ მესი კრისტიანო რონალდოსა და ნეიმარს

image
ესპანურმა Marca-მ კატალონიის "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისთან ინტერვიუ ჩაწერა, ის მიმდინარე სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, ამასთან ერთად ყველაზე მეტი საგოლე გადაცემაც მის ანგარიშზეა.

არგენტინელ ვარსკვლავთან ჩაწერილი ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთებს გთავაზობთ.

- მეხუთე ოქროს ბუცი მოიპოვეთ. რას გრძნობთ, მოგებით არ დაიღალეთ?
- კარგი პრიზია და ის ყველას ეკუთვნის, მთლიანად გუნდს. როგორც ზამორას ჯილდო, რომელიც არამხოლოდ მეკარეს, არამედ ყველა მოთამაშეს ეკუთვნის.

- ხუთი ოქროს ბურთი, ხუთი ოქროს ბუცი, მეხუთე ჩემპიონთა ლიგა ხომ არ აკლია ამ სიას?
- შესანიშნავი იქნება. როგორც სეზონისწინ ვთქვით, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირია და მისი კიდევ ერთხელ მოგება ძალიან გვინდა.

- ცხოვრების ამ ეტაპზე ფეხბურთი ისევ მთავარი პრიორიტეტია, თუ ის ოჯახმა ჩაანაცვლა?
- მას შემდეგ, რაც შვილები მყავს, მთავარი პრიორიტეტი ოჯახი გახდა, თუმცა ფეხბურთი მიყვარს და მისთვის ვცხოვრობ, მიუხედავად ამისა, ოჯახი სხვა ყველაფერზე მაღლა დგას.

- თქვენი შვილები კამპ ნოუზე ხშირად დადიან, რას გეკითხებიან ხოლმე?
- ფეხბურთი ორივეს ძალიან უყვარს. ტიაგოს მეტი ესმის, რადგან უფროსია და ყველაფერს განიხილავს, ძალიან ჩართულია. მაკრიტიკებს კიდეც, კითხვებს სვამს. როდესაც "ბარსელონა" აგებდა, სახლში ფეხბურთში არ ვლაპარაკობდი, თუმცა ახლა ტიაგო მაიძულებს, რომ ავუხსნა, რა მოხდა და რატომ წავაგეთ.

- რომელი უფრო გინდათ: ლეროი სანესთან ერთად თამაში თუ პეპ გვარდიოლასთან კიდევ ერთხელ მუშაობა?
- დიდ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება, პეპ გვარდიოლასთან ისევ ვიმუშავებდი, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

- ჰოლანდიაში დე ლიხტსა და დე იონგზე ბევრს საუბრობენ, მათ თამაშს თუ უყურებთ და "ბარსელონას" სტილში ჩაჯდომა რამდენად შეუძლიათ?
- ეს ფეხბურთელები ჩვენი აკადამიის მსგავსი სკოლიდან მოდიან, ჩვენნაირ ფეხბურთს თამაშობენ. ისინი ახალგაზრდა და ძალიან კარგი მოთამაშეები არიან.

- თქვენი შეუსრულებელი ოცნება რომელია? რისი გაკეთებაც გსურთ, მაგრამ იცით რომ არ შეგიძლიათ?
- შეუძლებელი არაფერია. უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ. ასეთი მენტალიტეტით, მუშაობით და შრომით, შეუძლებელი არაფერია. 

- თქვით, რომ პენალტების დარტყმა გააუმჯობესეთ, როგორ მოახერხეთ? მეკარეების ვიდეოებს უყურებდით?
- ვვარჯიშობდი და ვუყურებდი. დღეს ყველაფრის სწავლა შეიძლება: ჯარიმების, პენალტების, თამაშის, ყველაფერი ანალიზდება.

- როცა ბურთს საჯარიმოს შესასრულებლად ასწორებთ, ყველა ხვდება, რომ გოლი სანახევროდ უკვე გატანილია. პენალტისა და ჯარიმის შესრულებას შორის ამხელა სხვაობაა?
- მეორე შემთხვევაში ბარიერი და დისტანცია გაქვს და არც ზეწოლაა შენზე, რომ აუცილებლად უნდა გაიტანო. პენალტის დარტყმის დროს კი დასაკარგი მეტია.

- აკადემიაში მოთამაშე ფეხბურთელების ხარისხით კმაყოფილი ხართ?
- ისინი ჩვენთან ერთადაც ვარჯიშობენ ხოლმე და ვხვდები, რომ კარგი მოთამაშეები არიან. კლუბი ამ მხრივ პროგრესირებს და მათ უფლებას აძლევს ჩვენთან ერთად ივარჯიშონ, ეს მათ განვითარებაში ეხმარებათ.

- ანდრეს ინიესტა გენატრებათ?
- ძალიან, მოედანზეც და მის გარეთაც. ჩვენ ერთად მრავალი წელი გავატარეთ, ვარჯიშები, მატჩები, არასაფეხბურთო მომენტები, მეუცნაურება, რომ ვეღარ ვხედავ.

- "ოქროს ბურთის" კანდიდატებს შორის მეხუთე ადგილზე რომ გახვედით, გაგიკვირდათ?
- თუ გულწრფელად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი პრიზია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვიცოდი, რომ ამ სეზონში მისი მოგების შანსი არ მქონდა და არც გამკვირვებია.

- წელს კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობს. რამე განსაკუთრებული მოტივაცია გაგაჩნიათ?
- ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიური მიზანია. ეს უნიკალური, განსაკუთრებული და ყველაზე ლამაზი ტურნირია, სადაც მითამაშია. ის ყველასგან განსხვავდება და მისი მოგება ყველას გვსურს.

- "ბარსელონაში" ნეიმარის დაბრუნება გსურთ?
- ნეიმარს პსჟ-ს დატოვება გაუჭირდება, მისი დაბრუნება ძალიან გაგვიხარდება, გვაკლია, როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში. ჩვენ მეგობრები ვართ, თუმცა პსჟ მას წასვლის უფლებას არ მისცემს

- უსმან დემბელემ "ტოტენჰემს" შესანიშნავი გოლი გაუტანა. ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ჩანს, რომ ჯერ "დაღვინებული" არ არის.
- მოედანზე ის ფენომენალურია, მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. მეორე მხრივ, ის ახალგაზრდაა და კლუბთან და ქალაქთან ადაპტირებს. ამაზე რაც ნაკლებს ვისაუბრებთ, უკეთესია. მას თავი უნდა დავანებოთ, საკუთარი შეცდომები უკვე გააანალიზა და ვითარდება. ჩვენ დავეხმარებით, რომ ფეხბურთზე მეტად ფოკუსირდეს.

- გიკვირთ, რომ მადრიდის "რეალს" კრიშტიანო რონალდო ასე დააკლდა?
- სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ "რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია შესანიშნავი მოთამაშეებით, მაგრამ კრიშტიანო ყველას დააკლდებოდა. მას უამრავი გოლი გააქვს და ბევრ სხვა საქმესაც ასრულებს, ამიტომ ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ "რეალს" ის ასე დააკლდა. როცა ჩვენ ერთ ლიგაში ვთამაშობდით და ერთმანეთს ვებრძოდით, შესანიშნავი იყო. ეს ძალიან ჯანსაღი დაპირისპირება იყო.  

шаблоны для dle 11.2

27-12-2018, 22:47 91
კომენტარები
შემოგვიერთდით