ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... კიდევ რომელი ქართველი ფეხბურთელი გამოიცვლის ამ ზამთარში გუნდს

image
ზამთარში კლუბის გამოცვლა ფეხბურთელებისთვის რეკომენდებული არაა, მაგრამ ხშირად ეს აუცილებელია ან მოთამაშეს სხვა გზა არა აქვს.

ერთი თვე დარჩა სატრანსფერო ფანჯრამდე და ამავდროულად, საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი შეიცვალოს. 

სავარაუდო ცვლილებები შემდეგნაირად გვესახება:

"რიგასის" ქართველები - ლატვიურ კლუბში 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. კლუბმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგი დადო, ისინი ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდნენ. მათგან ნიკა სანდოხაძე ლვოვის "კარპატიდან" არის განათხოვრებული; ლაშა შერგელაშვილსირაკლი სიხარულიძეს და ბექა ვაჩიბერაძეს, როგორც ცნობილი იყო, სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურებოდათ. სავარაუდოდ, კონტრაქტს ირაკლი სიხარულიძე აღარ გააგრძელებს,რადგან მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ვაჩიბერაძის და შერგელაშვილის შემთხვევაში კი შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული.

ვაკო ყაზაიშვილი - "სან ხოსეს" შემტევს კონტრაქტი ამოეწურა და უცნობია, დარჩება თუ არა ამერიკულ კლუბში. ვერ ვიტყვით, რომ მას "სან ხოსეში" პროგრესი ჰქონდა, რადგან კალიფორნიული გუნდი საკმაოდ სუსტი იყო, ვერც თვითონ ვითარდებოდა და ვერც სხვას ავითარებდა. რთულია კარგი ხელფასის დათმობა, რამაც გადაწყვეტილების მიღებაში შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს, რადგან ვაკოს ევროპაში იმავე თანხას, ფაქტია, არ გადაუხდიან. იმის მიუხედავად, რომ ამერიკას კარგი ჩემპიონატი აქვს, 25 წლის ფეხბურთელის ინტერესში უფრო დიდი მიზანი უნდა შედიოდეს. თუ რას იზამს ვაკო, ალბათ, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ჯანო ანანიძე - რუსულ მედიაში დაიწყო უკვე საუბარი ამ ორი განუყრელი წყვილის გაყრაზე. ეს, ალბათ, რამდენიმე წლით დაგვიანებული ტრანსფერი იქნება. ჯანოს მოსკოვის "სპარტაკთან" 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი, თუმცა ის ოლეგ კონონოვის გეგმებში საერთოდ არ შედის. არ გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ მოსკოველებმა ის კვლავ გაანათხოვრონ და სავარაუდოდ, ისევ "როსტოვში". რეალურად რომ განვიხილოთ, თუ საით წავა ანანიძის გზა კლუბის დატოვების შემდეგ, რთულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ევროპის რომელიმე ძლიერი ჩემპიონატი იყოს. ეს, ალბათ, ისევ რომელიმე საშუალო დონის რუსული კლუბი იქნება. კარგ შემთხვევაში ნორმალური დონის ევროპული კლუბი გამოიძებნება, თუმცა, ალბათ, ისინი დიდ ხელფასს არ გადაუხდიან და ეს რამდენად შედის ანანიძის ინტერესში, უცნობია.

საბა კვირკველია
 - კვირკველიას ინგლისური ამბავი ზაფხულში ჩაიფუშა და მას შემდეგ ამაზე საუბარი არც ყოფილა. თუმცა არის გარკვეული შანსები, რომ ზამთარში კვლავ გამოჩნდნენ კლუბები. "ლოკომოტივმა" ჩემპიონთა ლიგაზე თავი ვერ წარმოაჩინა და არც ჩემპიონატში წყვეტს ვარსკვლავებს. ალბათ, ახლა იდეალური დროა კლუბიდან წასვლის.

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე უკლუბოდაა. მან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას ნახევარი წელი მოცდა არჩია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წასვლა. საით წავა გიორგის გზა? მას კარგად იცნობენ უკვე რუსეთში, შესაძლოა საბერძნეთში დაბრუნებაც და არ გამოვრიცხოთ, რომ კვიპროსშიც გამოჩნდეს. 

გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ტალანტზე ბოლო თვეა, საუბარი მიდის. წამყვან კლუბებს მისი სატრანსფერო უფლების მოპოვება სურთ, რადგან შემდეგ შეიძლება სხვამ დაიბევოს და კლუბების ნაწილს ზამთარშივე სურთ მასში "გენტს" ფული გადაუხადონ. კონკრეტული შეთავაზებები, დიდი ალბათობით, უკვე დაიწყება იანვარში. თუ რა იქნება კლუბისა და ფეხბურთელის პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია. ჩაკვეტაძის მსურველებს შორის მოიხსენიეს "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ტოტენჰემი", რომის "ლაციო" და სხვები. 
шаблоны для dle 11.2

27-11-2018, 22:47 147
კომენტარები
შემოგვიერთდით