ცნობილია თუ ვის შეხვდება საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში

image
ცნობილია თუ ვის შეხვდება საქართველო ერთა ლიგის ნახევარფინალში..

ბელარუსის ნაკრებმა, რომელიც საქართველოს მსგავსად D  დივიზიონში გამოდის, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სან მარინო დაამარცხა (2-0). გამარჯვებული გუნდის რიგებში გოლებით სტანისლავ დრაგუნი და ანტონ საროკა გამოირჩნენ.
 
ამ სამი ქულის წყალობით ბელარუსმა დივიზიონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მომდევნო სეზონში ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს. თავის მხრივ, სან მარინომ ექვსივე შეხვედრაში წაგების შემდეგ ოთხეულში ბოლო პოზიცია დაიკავა.
 
როგორც იცით, D დივიზიონის ყველაზე მაღალქულიანი ნაკრები (ყაზახეთთან გამარჯვების შემთხვევაში ასეთი საქართველო იქნება) ერთა ლიგის ნახევარფინალში ყველაზე ცოტა ქულის მქონე ნაკრებს დაუპირისპირდება. მესამე და მეოთხე ჯგუფებში დასკვნითი ტურის დასრულების შემდეგ შესაძლოა ყველაზე ცოტა ქულა ბელარუსს ჰქონდეს. თუ საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ყაზახეთს, ხოლო პარალელურად, მაკედონია გიბრალტარს დაამარცხებს, ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში ბელარუსი ან მესამე ჯგუფის გამარჯვებული იქნება (მე-3 ჯგუფში გამარჯვებულს კოსოვო-აზერბაიჯანის შეხვედრა გამოავლენს).
 
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახევარფინალში ბელარუსს არ დავუპირისპირდებით, შესაძლოა, ეს 2020 წლის ევროპირველობის საგზურის მისაღებად უკვე ფინალურ შეხვედრაში მოგვიწიოს.
 
ბელარუსის წინააღმდეგ საქართველომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშა: მაშინ საქართველომ ჯგუფში პირველივე მატჩი სწორედ ბელარუსს მოუგო - მინიმალურად, 1-0. გასვლით შეხვედრაში უკვე ბელარუსებმა, 2-0 მოიგეს. ნაკრებებს შორის უკანასკნელი მატჩი 2017 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ ამხანაგური თამაში საყაიმოდ, 2-2 დასრულდა.
 
კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ ჩვენ არასოდეს გვითამაშია, აზერბაიჯანთან გამართულ ხუთ შეხვედრაში კი დადებითი ბალანსი გვაქვს - 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

sport.adjara.comшаблоны для dle 11.2

19-11-2018, 11:43
კომენტარები
შემოგვიერთდით